ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში ძაღლებისა და კატების რაოდენობამ იმატა. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.