სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. უწყების ცნობით, საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.