ქართულ კომერციულ ბანკებში 2 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება - Palitra News

ქართულ კომერციულ ბანკებში 2 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება

2025-07-29 13:55:05+04:00

ქართულ კომერციულ ბანკებში 2 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 69 მილიონ ლარზე მეტი შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით 2 მლრდ რუბლზე მეტია.აღსანიშნავია, რომ რუბლის დეპოზიტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი, სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკებში 64 მილიონ 447 ათასი ლარის მოცულობის რუბლის ანაბრები ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში ასევე განთავსებულია დაახლოებით 20 მილიონი ლირა, 55 ათასი აზერბაიჯანული მანათი და დაახლოებით 15 მილიონი სომხური დრამი. ამასთან, სებ-ის სტატისტიკით ბანკებში განთავსებულ ანაბრებზე ყველაზე დიდი წილი აშშ დოლარზე მოდის. კერძოდ, ივნისის მდგომარეობით ქართულ ბანკებში დოლარში 23 მილიარდ 829 მილიონი ლარის დეპოზიტები ინახება, ევროში კი 5 მილიარდ 846 მილიონი ლარის მოცულობის. მთლიანად კი საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 60 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 1 მილიარდ 85 მილიონი ლარით, ანუ 3.15%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ კი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.57% შეადგინა.