ჩინეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 42.3%-ით, ხოლო ინდოეთიდან 31.4%-ით გაიზარდა. საუბარია მიმდინარე წლის პირველ ნახევარზე, მონაცემებს კი ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. კერძოდ, გასული წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 32 853 ჩინელი ტურისტი შემოვიდა, წელს კი ეს რიცხვი თითქმის 14 ათასით გაიზარდა და 46 755 შეადგინა. რაც შეეხება ინდოეთს, 2024 წელს საქართველოს 57 747 ინდოელი ეწვია, 2025-ში კი უკვე 75 893. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაზრდილია ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების საერთო რაოდენობაც, 4,4%-ით და 3 153 741 შეადგინა. მათგან 343 217 ადამიანი ქვეყანაში არატურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, დანარჩენი კი - ტურისტულით. სხვათა შორის, ჩინელი და ინდოელი ტურისტები, უფრო სწორედ კი ისინი როგორც ტურისტული სეგმენტი, „გალთ ენდ თაგარტის“ კველვის საგანი გახდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ჩინელი და ინდოელი ტურისტების პროფილი ტრადიციული ბაზრებისგან განსხვავდება დამეტწილად დაბალბიუჯეტურია. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლისა და ინფრასტრუქტურული ცვეთის მინიმიმუმამდე შემცირების მიზნით. მნიშვნელოვანია ასევე საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების მეტი წახალისება, ისეთი როგორიცაა მაგალითად კონფერენციები, ფორუმები და ქორწილები. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინელი ტურისტი ინდოელზე მეტად მსყიდველუნარიანია, თუმცა ჯგუფურად მოგზაურობა მას სასტუმროებთან ფასების მოლაპარაკების მეტ ბერკეტს აძლევს. ჩინეთიდან ვიზიტორების 31% საქართველოს სახმელეთო გზით ტოვებს, რაც მათი ენობრივი ბარიერების გათვალისწინებით, კავკასიის რეგიონში ჯგუფურად ორგანიზებულ ტურებზე მიუთითებს.
ინდოელი ტურისტებისგან განსხვავებით, ჩინელი ტურისტები ნაკლებად ინტერესდებიან ადგილობრივი კულტურული ღირსშესანიშნაობებით - არ ფიგურირებენ არც ერთი დაცული ტერიტორიის ტოპ ვიზიტორებში“, - ხაზგასმულია ანალიზში.