ვინ წააგო და ვინ მოიგო დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში? იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, ხოლო საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერაც დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის მხრიდან, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან 64 მილიონი დოლარის გადახდას. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ერთი წლის წინ, ანაკლიის საქმეზე დავა კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვდნენ, თუმცა პარიზის არბიტრაჟმა, პირიქით, მომჩივანს დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიიდან პასუხობენ. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაშინგტონის არბიტრაჟთან დაკავშირებით ახსენბენ, რადგან ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტია რომ, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. ვოშინგტონის არბიტრაჟის, უფრო ზუსტად კი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორიოს ცენტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც ეხმაურება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს