საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - Palitra News

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

2025-07-31 13:41:35+04:00

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. არსებობს ეჭვი, რომ საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი რუსეთში სანქცირებული ტვირთების გადასატანად გამოიყენება. IDFI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად მანამდე მინიმალური იყო. კვლევის მიხედვით, რომელიც ძირითადად, „საქსტსტის“ მონაცემებს ეყრდნობა, წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია. ამასთან, კვლევის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა. როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, საქართველოდან ექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის - ორივე ქვეყნის წილი, ავტომობილების მთლიან ექსპორტში 81%-ს შეადგენს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა, ეჭვს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ.