აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვას გეგმავს, - ინფორმაციას რუსული მედია ნავთობკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გარკვეული ქვეყნების მიერ „ლუკოილისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო, კომპანია საერთაშორისო აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ აცხადებს. პოტენციური მყიდველების განაცხადების განხილვა დაიწყო“, - ნათქვამია რუსული ნავთობკომპანიის განცხადებაში. საინტერესოა ერთი დეტალი, რომ გარიგებისთვის ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი რუსული მწარმოებელი OFAC-ის ლიცენზიას გამოიყენებს, ეს არის ამერიკის ფინანსთა სამინისტროს, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც „„ლუკოის“ საშუალებას აძლევს 21 ნოემბრამდე კომპანიის აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში „ლუკოილი“ ამ ლიცენზიის გახანგრძლივებასაც შეეცდება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მანამდე ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. საქნციების თანახმად, „როსნეფტის“, „ლუკოილის“ და მათი შვილობილი კომპანიების ყველა აქტივი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ზემოთ ხსენებული კომპანიების წილი 50%-ს აჭარბებს დაიბლოკება, ხოლო ფიზიკურ პირებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს ამერიკაში ეკრძალებათ მათთან რაიმე ურთიერთქმედება 21 ნოემბრის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სანქციები ემუქრებათ. ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ სანქციების შედეგებზე რუსეთის ეკონომიკაზე, ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ ისაუბრებს.