სარჩელი, რომელიც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული ფორმით დღეს გადაიგზავნება. სარჩელს ხელს აწერს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი. სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაადასტურა. ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდა "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველო". "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციამ შექმნილი ვითარება ერთიანობის საჩვენებლად უნდა გამოიყენოს. "ლელო ძლიერი საქართველო" პარტიების აკრძალვის შესახებ აწ უკვე მიღებული კანონის წინაარმდეგ ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. „ბრძოლა ბოლომდე!“ - აცხადებენ ოპოზიციაში და აკრძალვის საფრთხის მიუხედავად წინააღმდეგობის გაგრძელებას აანონსებენ. საკითხი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. “საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება” - ნათქვამია როიტერსის სტატიაში.