გაფართოების საკითხებში, ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, რომ დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რათა ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ. მისივე განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდი ბრიტანეთსა და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე“, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა ყალბ ნარატივებს შეებრძოლოს. მარტა კოსმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი გარდამტეხია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგება ევროკომისია გაფართოების პოლიტიკას.
გარდა ამისა, კოსის განცხადებით, ევროკავშირი დეზინფორმაციის საკითხში საბოლოოდ იწყებს რეალური წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მიმართ.