ოპოზიციაში ასევე გამოეხმაურნენ ევროკომისარი მარტა კოსის განცხადებას, რომელიც საქართველოში რუსეთის გავლენებს შეეხო. მათივე შეფასებით, ეს განცხადება ევროკავშირის მხრიდან მორიგ მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. მათივე თქმით, დასავლეთი აღიარებს საკუთარი პასიურობის შედეგებს, თუმცა მიანიშნებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალურ შანსს კარგავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესში მთავარ დაბრკოლებას სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს , რასაც, მათივე თქმით, მარტა კოსის განცხადებაც ადასტურებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, დასავლეთი მზადაა, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას. ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი - მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა როგორც ბრიტანეთთან, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირმა იცოდა, რომ საქართველოში რუსეთის ჩარევა მაღალი იყო, თუმცა შესაბამისი დახმარება ვერ გაუწია. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს სახელმწიფოებს, რათა ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ.