რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2025-11-01 21:09:51+04:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, წერილობითი დოკუმენტაციითა და რამდენიმე პირის ჩვენებით, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსი აქვთ, კობა გაბუნიას მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება ნამდვილად დასტურდება.

პროკურორის განცხადებით, კობა გაბუნიამ თანამდებობაზე ყოფნის დროს პრიორიტეტი მიანიჭა შპს „ლაგი კაპიტალს“ და ავანსი გასცა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე, 2023 წელს, აღნიშნულ კომპანიას მიღებული ავანსი მიზნობრივად დახარჯული არ ჰქონდა. პროკურორის თქმით, ამ დრომდე არცერთი საბავშვო ბაღი აშენებული არ არის, შედეგად კი, სახელმწიფომ მატერიალური ზარალი მიიღო.

თავის მხრივ დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დასადგენია, რატომ მისცეს მამხილებელი ჩვენება სხვა დაკავებულებმა და, ხომ არ იკვეთება საკუთარი დანაშაულის შემსუბუქების ნიშნები.