ბელგრადში გამართულ აქციაზე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მას შემდეგ რაც ბელგრადის ცენტრში ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებისა და მის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიცია მათ შორის ჩადგა, აქციის მონაწილეები კი ერთმანეთს ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდნენ. ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა ნოვი სადსა და რამდენიმე სხვა ქალაქში. შაბათს სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.