რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. მის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა. ის შიმშილობის გაგრძელებას აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავას გათავისუფლებამდე აპირებს. თითქმის 7 დღეა პარლამენტის წინ შიმშილობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი. ამდენად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების გამკაცრებულ რეგულაციებს მოქალაქეები სხვადასხვა ფორმებით უპირისპირდებიან. შიმშილობის გარდა, ოპოზიცია პროტესტის ახალ სტრატეგიაზე მსჯელობს. ოპონენტები სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა დროს მანიფესტაციების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.