„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება საქართველოს პარლამენტმა დაიწყო. პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტი ისევ კომიტეტებს დაუბრუნდებათ, რის შემდეგაც კანონმდებლები საარჩევნო კოდექსს უკვე მეორე მოსმენითაც განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ახალი რედაქციით, ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუარესების მცდელობად აფასებს. ექსპერტების აზრით კი მიღებული ცვლილებები იმ ემიგრანტების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას ემსახურება, ვინც ქართული ოცნებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.