პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს უსმენენ. განათლების რეფორმამდე, მთავრობის მეთაური კითხვებს Eagle Hills-ის არაბული პროექტის შესახებ პასუხობს. კობახიძის განმარტებით, ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება, ნაკვეთების თანამესაკუთრედ საქართველოს სახელმწიფო რჩება და პარტნიორ კომპანიას მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა არ აქვს. მისივე თქმით, მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში არათუ შემცირდება არამედ პირიქით, გაიზრდება. კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს სახელმწიფო არაბული კომპანიის სასარგებლოდ ფინანსურ ვალდებულებას არ იღებს. ოპოზიცია კორუფციის რისკების შესახებ საუბრობს და ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას ითხოვს.