ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა. სესხად გაცემული თანხა უკვე 68 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ამ წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც თითქმის 508 მილიონი ლარით მეტია სექტემბრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა. საინტერესოა როგორ იზრდებოდა სესხების მოცულობა ლარსა და უცხოურ ვალუტაში. როგორც აღმოჩნდა, სექტემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 470 მლნ ლარით არის გაზრილი , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია 37 მლნ ლარით. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ თითქმის 11 მილიარდი ლარის სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით 19 მილიარდი ლარის. საინტერესოა, რომ ოქტომბრის განმავლობაში დაახლოებით 379 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების, ანუ ფიზიკური პირების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა.