საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავლები წელს 24.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. „თიბისი კაპიტალი“ თავის კვლევაში წერს, რომ „მიმდინარე წელს სწრაფად გაყიდვადი სამომხმარებლო საქონლის ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ ზრდის ტემპის დასტაბილურებაა მოსალოდნელი“. ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ბაზრის ჯამური შემოსავლები წლიურად 9.8%-ით გაიზრდება და 24.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, კვლევითი ორგანიზაცია 2026 წელს რითეილ ბაზრის შემოსავლების 25.7 მლრდ ლარამდე ზრდას, ხოლო 2027 წელს თითქმის 27 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ვაჭრობა მზარდია, ტრადიციული ვაჭრობა კი 2022 წლიდან უცვლელი. სამწლიან პერსპექტივაში კი თანამედროვე ვაჭრობის ზომა გადააჭარბებს ტრადიციულს.