საპროტესტო აქციები, არაერთი კრიტიკული ანგარიში თუ რეზოლუცია, საბოლოოდ კი, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება - ასეთია გასული 1 წლის მოვლენათა ქრონოლოგიის მცირე შეჯამება. 118 ქართველი დიპლომატი ერთობლივი განცხადებით, პარტნიორებს მიმართავენ, გაითვალისწინონ მოქალაქეების უმრავლესობის ნება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა გააგრძელონ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტაცია მკაფიოა და ის კონსტიტუციაშია ასახული. ქართული მხარე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს. როგორც აღნიშნავენ, ევროკავშირის ელჩის წერილი ადასტურებს, რომ გაწევრიანების პროცესი ევროპას 5-6 თვით ადრე ჰქონდა შეჩერებული. თავის მხრივ, ოპოზიცია, "ქართული ოცნების" პოლიტიკას აკრიტიკებს, ამბობენ რომ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია შეუძლებელია. ვიდრე, მხარეები ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან, კრიტიკული გზავნილები ისმის ევროპელი დიპლომატებისგან. ამჯერად, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გნამარტა, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია დაპაუზებულია, რაზეც საბოლოო შეფასებას, დეკემბერში, ევროპული საბჭო გააკეთებს.