„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - Palitra News

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს

2025-12-01 09:26:22+04:00

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს. დაკავებულს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა ალეკო ელისაშვილმა, შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. ბრალდებულმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება. ელისაშვილის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ღიარებს ქმედებას, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.