ავტორიტეტული მედიასაშუალების, BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც გასული წლის საპროტესტო აქციების დაშლისას, აკრძალული ნივთიერების გამოყენებას ეხება, სამართლებრივი დავის საგანი ხდება. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილს აპირებს. მმართველი გუნდი გავლენიან მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აქტივისტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების მონათხრობი რეალობას აცდენილია, რადგან ისინი მხარეს წარმოადგენენ. ვინ მიაწოდა ინფორმაცია გამოცემას?! „ქართული ოცნება“ კითხვაზე პასუხს ეძებს, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით კი, სუსმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, BBC-ის დასახელებული ნივთიერებები 2012 წლამდეა შეძენილი, „ქართულ ოცნებას“ კი, 13 წლიანი მმართველობის პირობებში, არასდროს გამოუყენებია. საქმეზე დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკურმა ჯგუფებმა საერთაშორისო ინსტიტუტებს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. კვლევის რა მიგნებებს ეყრდნობოდნენ BBC-ის დოკუმენტური ფილმის წყაროები და რა არგუმენტებს უპირისპირებს „ქართული ოცნება“ გავლენიან მედიასაშუალებას?!