პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა გაუქმდა - Palitra News

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა გაუქმდა

2025-12-02 13:47:07+04:00

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა გაუქმდა. ახალი რეგულაციები ძალაში გუშინ შევიდა. ამიერიდან პოლონეთში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად, ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ. აქამდე საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და მისი ელექტრონულად გაგზავნა შრომის სამინისტროში. ამიერიდან კი, ჯერ დამსაქმებელმა უნდა გამოხატოს სურვილი, მოაწესრიგოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გააკეთოს განაცხადი შრომის ნებართვაზე სამინისტროში და შემდეგ ელოდოს ნებართვას, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლოა 3-4 თვეც კი გაგრძელდეს. მაშინ როცა, გამარტივებული წესით შრომითი ნებართვის აღებას მხოლოდ 7 სამუშაო დღე სჭირდებოდა. ახალი ბრძანების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად გამარტივებული ნებართვით სარგებლობენ, საშუალება ექნებათ ის ვადის ამოწურვამდე გამოიყენონ. თითოეული ნებართვის მაქსიმალური ვადა 2 წელია. პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების გამარტივებული წესები კვლავ გავრცელდება სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებზე. საქართველო კი სიიდან უკვე ამოღებულია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება 2018 წლიდან შეეძლოთ, რაც ათიათასობით ქართველისთვის სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გახდა.