მთავრობა ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საუნივერსიტეტო ქალაქებს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა ქუთაისსა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ცნობილი ხდება, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.