2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 91 მილიონ 192 ათასი ლარით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ გათვალისწინებული იყო 113 მლნ ლარზე მეტი, საბოლოოდ გადამუშავებულ პროექტში კი თანხა 21 მილიონ 613 ათას ლარამდე მცირდება, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა 4 წლის განმავლობაში მოქმედებდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლება საჯარო სამსახურებში დასაქმებას სთავაზობდა 4 წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო. ახლა კი მთავრობა თვლის, რომ ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით.