მევენახეობის დარგს ახალი კანონი დაარეგულირებს. ვენახის გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებთ. საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, სიახლის მიზანია, ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება და რეალიზაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით.
ახალი კანონპროექტი დაარეგულირებს ვენახების გაშენების, პროდუქციის ეტიკეტირების, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისა და აღრიცხვიანობის წესებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების ინტენსიურ გაშენებაში. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვენახი გაშენებულია შესაბამისი მევენახეობის ზონების და ქვეზონებისთვის არანებადართული ჯიშებისგან ან არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით, რაც შემდგომში იწვევს როგორც ყურძნის წარმოების/რეალიზაციის პრობლემას, ასევე, პრობლემას ქმნის ღვინის წარმოებაში. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.