კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ელისაშვილი ამ ფაქტს აღიარებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც ის განმარტავს, ძალადობრივი მოქმედების სურვილი არ ამოძრავებდა, ხოლო ჩადენილის მოტივად, ელისაშვილი უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას ასახელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ჩადენილ ქმედებას მმართველ პარტიაში ექსტრემიზმს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მის გადაწყვეტილებას „ლელო-ძლიერი საქართველო“ გაემიჯნა. მმართველ პარტიაში კი აინტერესებთ, გარიცხავს თუ არა კოალიცია ელისაშვილს საკუთარი რიგებიდან.