პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის რამდენიმე სახის ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებები სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. ორმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კანაფის“ შემცველი მცენარე, ხოლო ორმა ბრალდებულმა, საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.