საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. გივი მიქანაძემ საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების სერვისების დახვეწისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას, რომელიც უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით აერთიანებს განათლების ყველა საფეხურის, ასევე მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სფეროში არსებულ სერვისებსა და პროგრამების განვითარებაზე მუშაობენ.