ბიზნესის ბრუნვის მესამედი გართობა-დასვენების სექტორზე მოდის.
2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7 %-ით მეტია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 % - საშუალოზე, ხოლო 18.0 % - მცირე ბიზნესზე. თუმცა, განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1%, საშუალოზე - 23.2%, მცირეზე კი - 30.8 %. ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5% (22 301 მლრდ ლარი) მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8 %-ით; მშენებლობა — 6.3%, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 % , ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3.4, ხოლო 10.0% დანარჩენ დარგებზე განაწილდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3%), მშენებლობა (18.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 %) იკავებდა. რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, ჯამურად 27.1%-ანი წილი ეჭირა.