უკრაინის ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი - რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში გზავნის - Palitra News

უკრაინის ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი - რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში გზავნის

2025-12-04 14:25:15+04:00

რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში გზავნის, - ამის შესახებ უკრაინის ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა და იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ, აშშ-ის სენატში ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

კატერინა რაშევსკამ ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა, სულ მცირე, ორი ბავშვი ჩრდილოეთ კორეაში მდებარე ბანაკში გაგზავნა.

„თორმეტი წლის მიშა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და 16 წლის ლიზა ოკუპირებული სიმფეროპოლიდან ჩრდილოეთ კორეაში მდებარე სონგდოვონის ბანაკში, სახლიდან 9000 კმ-ის დაშორებით, გაგზავნეს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ასევე, მოსმენაზე აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.

„ბავშვები საერთაშორისო სამართლის დარღვევით რუსეთსა და ბელარუსში გადაიყვანეს“, - განაცხადა სტეფანიშინამ.