კანცლერი მერცი ამერიკელებს ადანაშაულებს როგორც „თქვენთან (ზელენსკისთან), ასევე ჩვენთან თამაშში“, ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ. თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით, დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობით, მიგრაციით და ჯიუტი სისულელით“, - წერს დმიტრიევი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ფრთხილად უნდა იყოს და რომ ამერიკელები მასაც და ევროპასაც ეთამაშებიან. „უახლოეს დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ისინი [ამერიკელები] თამაშობენ როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთან“, - ციტირებს მედია მერცს.