დავით მათიკაშვილი - BBC-ის მიერ გავრცელებული სრული აბსურდის თაობაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძველსმოკლებულია - Palitra News

დავით მათიკაშვილი - BBC-ის მიერ გავრცელებული სრული აბსურდის თაობაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძველსმოკლებულია

2025-12-08 12:44:35+04:00

BBC-ის მიერ გავრცელებული სრული აბსურდის თაობაზე აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი - ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია რაიმე ფორმით [პარლამენტის დროებითი საგამოძიებო] კომისიის შექმნა და შექმნის მცდელობა, იმიტომ, რომ ამ კუთხით განსახილველი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის გამოძიებით დადასტურდა, რომ საქართველოს „კამიტი“ არასდროს შეუძენია და მას ვერასდროს გამოიყენებდა.

„BBC-ის მიერ გავრცელებული სრული აბსურდის თაობაზე აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველა კითხვის ნიშანი გაქრა იმ ტყუილში, იმ აბსურდში, იმ ძალმომრეობაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ BBC-ის მხრიდან ქართველ საზოგადოებაზე, ამიტომ აქ მეტი კითხვა არ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვახსენებდით სუს-ის გამოძიებას, რომ გამოძიების შემდეგ თუ დარჩებოდა რაიმე სახის კითხვის ნიშანი, იმაზე უნდა გაცემულიყო პასუხი. არანაირი კითხვის ნიშანი იმაზე, რომ ჩვენზე მოხდა ასეთი სისაძაგლის დაბრალება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. საქართველოს არც არასდროს შეუძენია მსგავსი ნივთიერება და მას ვერასდროს გამოიყენებდა. ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია რაიმე ფორმით კომისიის შექმნა და შექმნის მცდელობა, იმიტომ რომ ამ კუთხით განსახილველი ნამდვილად არაფერია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - „კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია“.