160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხული 93 მოწმე, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზა და გამოძიების შედეგი, რომ გასული წლის საპროტესტო აქციებზე, მასების მართვისთვის არა ე.წ კამიტი, არამედ, ქლორო ბენზილიდინ მალონო ნიტრილი გამოიყენეს, რომელიც აკრძალულ კატეგორიათა ნუსხაში არ არის, სარწმუნო არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოძიება ზედაპირულია და კვლავ პასუხგაუცემელს ტოვებს კითხვებს, რომლებიც საკითხის ირგვლივ გაჩნდა. ამბობენ, რომ მხოლოდ მიუკერძოებულ და ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია უპასუხოს კითხვას: რა ნივთიერება იყო გარეული წყლის ჭავლში გასული წლების საპროტესტო აქციებზე... ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამოძიების შედეგებმა სპეკულაციებისთვის სივრცე აღარ დატოვა, რადგან დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის შესაბამისად მოქმედებდა. როგორც აღნიშნავენ, ახლა სუსმა ყველა ის პირი უნდა გამოავლინოს, რომლებიც მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.