ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - არც მე არ მინდა ციხეში, მაგრამ შიში უნდა დაამარცხოთ! ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა! როგორ გძინავთ ღამე? - ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ? - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - არც მე არ მინდა ციხეში, მაგრამ შიში უნდა დაამარცხოთ! ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა! როგორ გძინავთ ღამე? - ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?

2025-12-09 14:13:40+04:00

არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ერთიანებით ხართ ისედაც, ყველა დღე მძიმდება სიტუაცია, - ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.

ამასთან, მან მიმართა საზოგადოებასაც.

“ყოველი დღე ჩვენი სამშობლოსთვის გადამწყვეტია. სამი თვის წინ გარეთ გასვლა და პროტესტი შეგეძლოთ, “”ფეისბუქზე” დაპოსტვა შეგეძლოთ და დღეს, ეს არ შეიძლება. ახლა ტროტუარზე რომ დადგე, ხუთი დღით ადრე უნდა მიმართო უწყებას. ეს არ არის თამაში! მალე სახლში მოგივარდებიან. 300-მდე პოლიტპატიმარია სამშობლოს სიყვარულისთვის.

როგორ გძინავთ ღამე? აა, ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?..

უაზროდ ვკამათობთ ერთიანობაზე. ამაზე მოქმედებაა საჭირო და მოქმედების გეშინიათ. სხვა აზრი არ არსებობს ამაზე. მე გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ და არა ჩასაფრებულის. სანამ შიში იქნება ჩვენს და ივანიშვილს შორის, შიშით ვიქნებით დამარცხებულები.

2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, დავაფურთხებ დროშას და წავალ სახლშიო, ეს რა ბრძოლა იქნებოდა? სახლში მოგაკითხავენ, სახლში! ტროტუარზე ვეღარ დგებით, ჩვენს დედებს, შვილებს დასდევენ.

გდდ-მ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ზიმბამბვეში, პრეზიდენტმა მნანგაგვამ მიიღო კანონი 2003 წელს, რომ ვინც უცხოელს დაელაპარაკებოდა, გამოცხადდებოდა მტრად.

ვინმეს ხომ არ გახსენებთ ზიმბაბვეს პრეზიდენტი მნანგაგვა? . აი, ამ ზიმბამბვეს ჰგავს ჩვენი დიქტატორი… ვერაფრით გაიმარჯვებთ, თუ საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს.

არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს! ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში ერთიანობაო! ერთიანებით ხართ ისედაც, ყველა დღე მძიმდება სიტუაცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.