აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება - Palitra News

აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება

2025-12-09 14:16:49+04:00

აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ, პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.

მანამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა. როგორც Minival.az-ი წერდა, „ქართულმა მხარემ 111 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ტარიფი მოითხოვა, რაც ერთ კილომეტრზე გათვლი ტონაზე 82 ცენტს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ შედარება საპირისპიროს აჩვენებს. მაგალითდ, აზერბაიჯანის გავლით 680 კილომეტრიან მანძილზე - იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე - მსგავსი ტვირთის ტრანსპორტირება 17 დოლარი ღირს, ანუ ტონაზე ერთ კილომეტრზე გაანგარიშებით, სულ რაღაც 2 ცენტი, რაც 40-ჯერ ნაკლებია საქართველოს მიერ შემოთავაზებულ ტარიფზე. ასეთი სხვაობა არა საბაზო პირობების, არამედ განზრახვის მაჩვენებელი“, - ნათქვამია Minival.az-ს პუბლიკაციაში.