საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამ წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213 მლნ დოლარზე მეტით არის გაზრდილი და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები უკვე 5.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სების პოლიტიკა ისევ რეზერვების შევსებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა შესყიდვებმა 1 მილიარდ 763 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ამ წლის ნოემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.5%-ს შეადგენს, რაც თანხობრივ გამოსხულებაში თითქმის 962 მლნ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 462 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას ადასტურებს.