„ბრითიშ პეტროლეუმი“ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების ოპერირების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Report-ს კომპანია BP Azerbaijan-ში განუცხადეს. კომპანიაში ამბობენ, რომ მილსადენების მართვის შეთანხმებით, საექსპორტო ნავთობსადენებისა და გაზსადენების ოპერირება წინასწარ განსაზღვრულია და მთავრობას ან სამთავრობო უწყებებს ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვადებში გადაეცემა. მაგალითად, 2021 წელს სწორედ ამ შეთანხმებების საფუძველზე, როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში სამხრეთკავკასიური მილსადენის ოპერირება SOCAR-ს გადაეცა.
„ამავე შეთანხმებებით არის გათვალისწინებული საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის დასავლეთის საექსპორტო მილსადენ ბაქო-სუფსისა და ბთჯ-ის ოპერირების ფუნქციების შეთანხმებულ ვადებში გადაცემა,“ - წერს BP.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამჟამად BP შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ამ მიმართულებით საჭირო სამუშაოები დროულად დაიგეგმოს. სამთავრობო წყაროების ცნობით, შესაბამისი შეთანხმების დადების შემთხვევაში ოპერირების გადაცემის პროცესი 2026 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.