პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებას, რომლითაც დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით - 79 ხმით (9 წინააღმდეგი) მიიღეს. პროექტი როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბალანსის დაცვა.
ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
“თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში სხვათა უფლებებს არ არღვევდა, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს გააფრთხილებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათი აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.
ამავდროულად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას.