დონალდ ტრამპი - ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო - Palitra News

დონალდ ტრამპი - ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო

2025-12-10 10:06:08+04:00

ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ათ თვეში რვა ომი დაასრულა, მათ შორის, კოსოვოსა და სერბეთს, პაკისტანსა და ინდოეთს, ასევე, ისრაელსა და ირანს შორის“.

„ამის თქმა არ მსურს, მაგრამ კამბოჯა-ტაილანდი გუშინ დაიწყო და ხვალ სატელეფონო ზარის განხორციელება მომიწევს. სხვას ვის შეუძლია იმის თქმა, რომ დარეკავს, რათა ორ ძალიან ძლიერ სახელმწიფოს, ტაილანდსა და კამბოჯას შორის, ომი დაასრულოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის განახლებული დაპირისპირება უკვე მესამე დღეა გრძელდება. კამბოჯის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხრა სამოქალაქო პირი დაიღუპა და 20 დაშავდა, ხოლო ტაილანდი აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 68 ადამიანი დაშავდა.

ორივე ქვეყანა ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის შუამავლობით ივლისში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან ომში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.