ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა და მასზე წვდომა დაბლოკა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 10 უმსხვილეს პლატფორმას, მათ შორის TikTok-ს, Alphabet-ს, YouTube-ს, Meta-ს, დაევალათ ბავშვების დაბლოკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან, 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (33 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა.
„ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა. ეს არის ღრმა რეფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გააგრძელებს გამოძახილს“, - განაცხადა ალბანეზემ.
Reuters-ი წერს, რომ ავსტრალიის მთავრობის ამ ნაბიჯს ბევრი მშობელი და ბავშვთა დამცველი მიესალმა, თუმცა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გააკრიტიკეს.