არჩილ გორდულაძე - თუ კანონში ისევ მონახავთ გამოსავალს, რითაც რამდენიმე ათეული ადამიანი მილიონნახევარზე მეტი ადამიანის უფლებას დაარღვევს, პირობას გაძლევთ, პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ის ხვრელიც ამოვსებული იყოს! - Palitra News

არჩილ გორდულაძე - თუ კანონში ისევ მონახავთ გამოსავალს, რითაც რამდენიმე ათეული ადამიანი მილიონნახევარზე მეტი ადამიანის უფლებას დაარღვევს, პირობას გაძლევთ, პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ის ხვრელიც ამოვსებული იყოს!

2025-12-10 14:26:15+04:00

თუ კანონში ისევ მონახავთ გამოსავალს, რითაც რამდენიმე ათეული ადამიანი მილიონნახევარზე მეტი ადამიანის უფლებას დაარღვევს, პირობას გაძლევთ, პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ის ხვრელიც, რომელიც კანონში იპოვეთ, ამოვსებული იყოს - ჩვენ განვაგრძობთ ადამიანების უფლებების დაცვისთვის ბალანსის უზრუნველყოფას! მანიფესტაციების მონაწილეებს აქვთ აზრის და პოზიციის დაფიქსირების უფლება, მაგრამ ამავდროულად, სხვათა უფლებების შეზღუდვა დასაშვებია დროის მცირე ვადით, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

მან დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მანამდე მიღებულმა კანონებმა პრევენცია მოახდინა და “რამდენიმე ათეული ადამიანი გზის გადაკეტვით თბილისის მილიონნახევარზე მეტ მოსახლეზე ვეღარ ძალადობს“.

გორდულაძის თქმით, იგივე მოხდება ადამიანების ფეხით გადასაადგილებელი ადგილების შემთხვევაშიც.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით წარდგენისას გორდულაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ ადამიანები ტრანსპორტის ან ხალხის გადასაადგილებელ გზას გადაკეტავენ და სხვათა უფლებების განხორციელებას ხელს შეუშლიან, პასუხისმგებლობის სახით პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„მოქმედი კანონმდებლობით, თუ საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს, მაშინ შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა ეკრძალებათ, მაგრამ თუ ვერ ეტევიან, შეუძლიათ გადავიდნენ. ამავდროულად, ჩვენ ახალი დანაწესი შემოგვაქვს, რაც კონსტიტუციითვე არის გათვალისწინებული, რომ არა მხოლოდ ტრანსპორტის გადადგილების ადგილას, არამედ ხალხის გადაადგილების ადგილასაც თუ შეკრება მანიფესტაციაში მონაწილე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის, მათ ხალხს თავისუფალ გადაადგილებაში ხელი არ უნდა შეუშალონ, მაგრამ თუ ბევრნი იქნებიან, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეეძლებათ, რომ მათ შორის ტროტუარის ის ნაწილი დაიკავონ, სადაც სხვა ხალხი გადაადგილდება და ამ ადამიანებს მოუწევთ, რომ ალტერნატიული გზა ნახონ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში არ უნდა გრძელდებოდეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეებს აქვთ უფლება, საკუთარი აზრი და პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ამავდროულად, სხვათა უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ დროის მცირე ვადით, რასაც ამბობს საკონსტიტუციო სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც გაამტყუნა გიგა მაქარაშვილი და სხვები, ხოლო საქართველო გაამართლა.

დიდი ხნის განმავლობაში ადამიანების უფლებების შეზღუდვა არის დაუშვებელი! თუ ბევრი ხალხი იქნება შეუძლიათ გადმოვიდნენ გზის სავალ ნაწილზეც და ადგილი ტროტუარზეც - ხალხის გადაადგილების გზაზეც დაიკავონ, ხოლო თუ არასაკმარისი რაოდენობის იქნებიან, მაშინ ეს უფლება არა აქვთ, ისევ როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის თანახმად, თუ საპროტესტო აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება, ორგანიზატორმა შსს-ს საპატრულო დეპარტამენტს წერილობით უნდა მიმართოს.

სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ შსს-მ დაასკვნის, რომ საპროტესტო აქცია სხვა პირთა უფლებებს შელახავს ან საწარმოთა მუშაობას შეუშლის ხელს აქციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩასატარებლად ალტერნატიულ დროს ან ადგილს შესთავაზებს. აღნიშნული კანონის დარღვევა ადმინისტრაციულ პატიმრობას და სისხლისსამრთლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.