შალვა კერესელიძე - სიმართლეა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არის და არაეფექტური მართვის გამო ფულს ვერ ითვისებთ - თავის გამართლების მიზნით, კორექტული ტერმინი მოიფიქრეთ და ბიუჯეტის შეუსრულებლობას „დაკორექტირება“ დაარქვით - Palitra News

შალვა კერესელიძე - სიმართლეა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არის და არაეფექტური მართვის გამო ფულს ვერ ითვისებთ - თავის გამართლების მიზნით, კორექტული ტერმინი მოიფიქრეთ და ბიუჯეტის შეუსრულებლობას „დაკორექტირება“ დაარქვით

2025-12-10 17:29:29+04:00

სიმართლეა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არის და არაეფექტური მართვის გამო ფულს ვერ ითვისებთ - თავის გამართლების მიზნით, კორექტული ტერმინი მოიფიქრეთ და ბიუჯეტის შეუსრულებლობას „დაკორექტირება“ დაარქვით, - ასე ახსნა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ მთავრობის ინიციატივით დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებები.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კერესელიძემ განაცხადა, რომ ეს არის ფასადური ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია არა ხალხზე და საზოგადოების პრიორიტეტებზე, რომელიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სახელისუფლებო უწყებების ხარვეზების, ჩავარდნების და მანკიერი მხარეების გადაფარვაზე.

„მაშინ როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტები კატასტროფულად არის მომატებული, წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით პენსიის 20-45 ლარამდე ზრდა რატომღაც ძალიან დიდი მიღწევად მიგაჩნიათ.

განათლების მიმართულებით 3,1-მილიარდი ლარი არის გამოყოფილი საიდანაც 1.8 მილიარდი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზეა გამოყოფილი და 2026-წლის ბიუჯეტში ბავშვთა კვებაზე და სკოლებში ბავშვების სკოლის ფორმებით უზრუნველყოფაზე არაფერი არ არის ნათქვამი და რეალურად სკოლის ფორმების შეძენა ბავშვების ოჯახების შესაძენია, რაც ძალზედ მძიმე ტვირთად აწვება დუხჭირ ოჯახებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2026 წლის ბიუჯეტით 3.1-მილიარდი ლარი აქვს გამოყოფილი. 2025 წელს აუთვისებლობის გამო 300 მილიონი ჩამოეჭრა უწყებას და თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დაუკორექტირდა. 2026 წელს 800 მილიონით ნაკლები აქვს გამოყოფილი ვიდრე 2024 წელს. იგივე მდგომარეობაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაწილში, სადაც 2026 წელს 1.4 მილიარდია გამოყოფილი - 200 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2025 წელს და 700 მილიონით ნაკლები ვიდრე 2024 წელს.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობაზე 2026 წელს 227 მილიონია გამოყოფილი - იგივე რაც 2025 წელს, რომლის ათვისება მიმდინარე წელს 90 მილიონით ვერ მოხერხდა და 100 მილიონით ნაკლებია გამოყოფილი, ვიდრე 2024 წელს. წყალმომარაგების კუთხით, რომელიც რეგიონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, 2026 წლის ბიუჯეტში 514-მილიონი ლარია გამოყოფილი დაახლოებით იგივე რაც 2025 წელს და 300-მილიონით ნაკლები ვიდრე 2024 წელს. უფრო მეტიც, 2026 წელს წყალმომარაგებაზე გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი კრედიტის მომსახურების ხარჯების დასაფარავად არის მიმართული და საბოლოო ჯამში, რეალურად წყალმომარაგების პროექტების სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხები შემცირებულია დაახლოებით 200 მილიონით.

2026 წელს 15-მილიონი ლარით მცირდება ეკომიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამის თანხები. 2025 წელთან შედარებით შემცირებულია 5-მილიონით, ხოლო 2024 წელთან შედარებით შემცირებულია 20-მილიონით. იცით რატომ? - თუ ფიქრობთ, რომ ეკომიგრანტების რაოდენობა საქართველოში შემცირდა ძალიან ცდებით. პირიქით, გაიზარდა, მაგრამ იმდენად ნდობა აქვს ხელისუფლებას და სახელმწიფო პროგრამას დაკარგული ეკომიგრანტებში, რომ უკვე აღარც კი აკითხავენ დასახმარებლად და ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის გამოყოფილი ფინანსები აუთვისებელი რჩება. ამის ნათელი მაგალითი სახეზეა და დაფინანსება ნახევარზე მეტით მაგიტომ გაქვთ შემცირებული. აუთვისებელია იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან შეთავაზებული 35 000 ლარი უკვე არაფერი აღარ არის და არა თუ სახლის, ხშირ შემთხვევაში ცარიელი მიწის და საცხოვრებელი ვაგონის შეძენაც შეუძლებელია მიყრუებულ ადგილას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კერესელიძემ მიზეზებზე საუბრისას კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყებები კორუფციის ბუნაგად არის გადაქცეული.

„ხალხმა სახელმწიფოსგან მისაღები სიკეთე ვერ მიიღო. იცით რატომ? - იმიტომ, რომ კორუფცია საქართველოში ხელისუფლების მხრიდან „გაპრავდა“ და თითქმის ყველა დონეზე ნებადართული გახდა. მეორე მიზეზი ეს არის კორუფციული ტენდერიდან აღებული ქრთამი. ასეთ დროს ქრთამის ამღები ჩინოვნიკები შემსრულებელ კომპანიებს პასუხს მკაცრად უკვე ვეღარ სთხოვდნენ, რადგან მოქრთამულები და კორუფციულ გარიგებებში იმყოფებიან.

წარმოდგენილ დოკუმენტში როგორც ვკითხულობთ, რომ გაიზარდა ეკონომიკა, გაიზარდა შემოსავლები, გაიზარდა მშპ, გამყარდა ლარის კურსი. ხალხისთვის გასაგებ გასაგებ ენაზე იქნებ მითხრათ და ამიხსნათ რა ქვია ასეთ ეკონომიკური ზრდის მოდელს, როდესაც მყარდება ლარის კურსი და ამავე დროს სამომხმარებლო ბაზარზე კატასტროფულად ძვირდება სურსათიც და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები. როგორ ხდება ისე, რომ იზრდებოდეს შემოსავლები, იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და ამავე დროს იზრდებოდეს სოციალურ შემწეობების მიმღებთა რაოდენობა. იზრდებოდეს მშპ და ეკონომიკა და ამავე დროს სიდუხჭირის გამო იზრდებოდეს მიგრაცია.

ქვეყანაში შექმნილი დამატებითი დოვლათი და შემოსავლები ხალხზე არ ნაწილდება, არასწორად ნაწილდება და მთელი ეს შექმნილი დამატებითი დოვლათი და სიკეთეები გადანაწილებული არის კორუფციულ კლანებზე, რომლებიც ნაწილი დაჭერილია და ზოგი დასაჭერად არიან გამზადებულები - ეს არის სიმართლე!“ - განაცხადა კერესელიძემ.