პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - Palitra News

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

2025-12-11 14:20:35+04:00

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. და ერთად ვნახოთ, მოკლედ, რას გვპირდება მომავალ წელს ქვეყნის მთავარი საფულე. 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ია. ეკონომიკური ზრდა კი კარგია, მაგრამ მთავარია ფასების ზრდამ არ გაუსწროს. როგორც ბიუჯეტის ავტორები გვპირდებიან, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ია და მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33,5%-მდე შემცირდება. ახლა გადავიდეთ ხარჯვით ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36 მილიარდ 285 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 მილიარდ 760 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება. ყველაზე დიდი ბიუჯეტი მომავალ წელსაც

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექნება 9 მილიარდ 668 მილიონ ლარი, მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს უწყება გასცემს ქვეყანაში პენსიებსა და სოციალურ გასაცემლებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ბიუჯეტის სიდიდით მას მოსდევს თავდაცვა, სადაც 1 მილიარდ 890 მილიონი ლარის დახარჯცა იგეგმება და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 მილიარდ 547 მილიონი ლარის ბიუჯეტით.