უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტიციის წილი თითქმის 64%-ია - Palitra News

უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტიციის წილი თითქმის 64%-ია

2025-12-11 14:26:26+04:00

უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტიციის წილი თითქმის 64%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. უფრო კონკრეტულად კი მიმდინარე წლის III კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 533 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში FDI მხოლოდ 264 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო. საქსტატის მონაცემებში ასევე ნათქვამია, რომ ინვესტიციები ვალის ხარჯზე გაიზარდა. უფრო დეტალურად კი, ამ წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალში ინვესტიცია 101 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ თითქმის 341 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტია, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.

წლის ამ პერიოდში, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე აშშ-ია, მეორე-მესამე ადგილებს კი ესპანეთი და თურქეთი ინაწილებენ. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში შემოვიდა და თითქმის 922 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ დოლარით, მისი წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 15.0 პროცენტია, ხოლო მესამე პოზიცია ინვესტიციების სიდიდით წყალმომარაგებასა და ნარჩენების მართვას ერგო. მესამე კვარტალში ამ სექტორში 71.5 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.