არჩილ გორდულაძე - გახარია, რომელიც გერმანიას აფარებს თავს, მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე - საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი - Palitra News

არჩილ გორდულაძე - გახარია, რომელიც გერმანიას აფარებს თავს, მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე - საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი

2025-12-11 16:24:40+04:00

მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარია, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ქვეყანას, გერმანიას აფარებს თავს, დაბრუნდეს საქართველოში და სრული პასუხისმგებლობით აგოს პასუხი კანონის წინაშე - საინტერესოა ახლა, რა განცხადებას გააკეთეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელსაც მიუძღვის ბრალი ადამიანის უფლებების შელახვაში, იყოს მხილებული, ისევე, როგორც მხილებულია ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია.

„სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 19-20 ივნისს იმართებოდა ძალადობრივი აქცია, სადაც პირდაპირ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე. ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლომ ლეგიტიმურად მიიჩნია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საპოლიციო საშუალებების გამოყენება. ამავდროულად, დაადგინა დარღვევა პროპორციულობის ნაწილში. დაადგინა, ასევე, დარღვევა, რომ არ არის დროულად გამოძიებული და შესაბამისი პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემული, ვისი გამოისობითაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და მათ ჯანმრთელობას მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, მაგალითად, მაკო გომურს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო გამოძიება. გამოძიების შედეგები კი ყველასათვის ცნობილია. გახარიას, რომელიც გაქცეულია გერმანიაში, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ის თვითონაც აღიარებდა, რომ იგი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლა იგი არის გერმანიაში გაქცეული პასუხისმგებლობას და სტიპენდიას იღებს მათ შორის, გერმანული მხარისგანაც. საინტერესოა ახლა, რა განცხადებას გააკეთეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც ახლა ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, მათ შორის, საქართველოს საგამოძიებო სამსახურების მიერ მხილებული პირი აფარებს თავს," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.

ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.