აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, შესაძლოა, 15 დეკემბერს ბერლინში დაგეგმილ ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე, უკრაინის საკითხის განსახილველად ევროპის სამი სახელმწიფოს - გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უიტკოფი, სავარაუდოდ, შეხვდება ევროპის სამი ქვეყნის მრჩევლებს უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრას დიპლომატები ბერლინამდე „კავშირების დამყარების უკანასკნელ შანსს“ უწოდებენ“, - წერს გამოცემა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების განსახილველად ორშაბათს ბერლინში შეიკრიბებიან.
ორი დღის წინ, ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რათა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის სამშვიდობო ინიციატივა განეხილათ.