რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დონბასი ადრე თუ გვიან რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა.
„ადრე თუ გვიან, თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა. ყველაფერი დანარჩენი ამაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, საბოლოოდ, დონბასში შესაძლოა ჯარები არ იყვნენ, მაგრამ იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია და ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად არის საჭირო.
„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ შეიძლება. ხოლო რა მოხდება იქ შემდეგ - ჩემი აზრით, ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. დიახ, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია, ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა უშაკოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კიევს დონბასის ნაწილში ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური“ ზონის, ანუ, როგორც რუსები უწოდებენ, „დემილიტარიზებული“ ზონის შექმნას სთავაზობს. ამ გეგმის თანახმად, უკრაინული ჯარები ტერიტორიის ნაწილიდან უნდა გავიდნენ, ხოლო რუსული ჯარები იქ არ უნდა შევიდნენ. მისი თქმით, შეთავაზებული მოდელი უკრაინის ინტერესებში არ შედის, რადგან სამართლიანია შეხების ხაზზე დარჩენა, თუმცა დიალოგი გრძელდება და კიევი პარიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებებს ეძებს. ზელენსკის თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს და ხალხის პოზიციას ეფუძნებოდეს. „ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს. ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.