ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუკი წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.