რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპის“ მიერ საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ისიც მართალია, რომ დღეს, მოცემულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვის და მეტი წვლილი შეაქვს ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებს, პოლიტიკურ და ცენტრალურ ხელისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების მედეგობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში”, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, შეშფოთებულები არიან რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.
„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტად და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც შავი ზღვის საკითხს განვიხილავთ. ცხადია, ამ გაგებით, შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.