გია ვოლსკი - მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ - „თვალთმაქცობა პოლიტიკაში“ - ეს არის ამ განცხადების სათაური - Palitra News

გია ვოლსკი - მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ - „თვალთმაქცობა პოლიტიკაში“ - ეს არის ამ განცხადების სათაური

2025-12-15 15:38:12+04:00

მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ - „თვალთმაქცობა პოლიტიკაში“ - ეს არის ამ განცხადების სათაური, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას უპასუხა.

მისი თქმით, ევროკომისია კვლევების შედეგებს ყოველ დღე აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემები ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ დროს მარტა კოსი „მაინც ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობის უზრუნველყოფა ჰქვია“.

„გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ ეს მთავარი ხაზი არ შეცვლილა. დღეს თვითონ ამბობენ ღიად, აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთისგან საფრთხე ემუქრება. ღიად ამბობენ, რომ საქართველოში აუცილებელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ჩართავს ამ უბედურებაში. ამას რომ მალავდნენ, შეიძლება ითქვას, მოდით, განხილვა გავმართოთ, მარტა კოსი და კაია კალასი რას ამბობენ, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს თუ არა უტიფრობით აღსავსე განცხადებების კეთება. იგივე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ყველაფერი არჩევნებით გამოვლინდება. რასაკვირველია, გამოვლინდება არჩევნებით. ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებით დაადასტურა, რომ არ აწყობს ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სთავაზობს, რომელიც საქართველოშიც იყო ჩამოსული და ხალხს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა. ამას მხარი არ დაუჭირეს და ის გზა აირჩიეს, რაც ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს გაცხადებები, ყველა არის ანტიქართული. ქართველთმოძულე თუ გააკეთებს იმ განცხადებას, რომელიც ზოგიერთი ოფიციალური პირისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. არჩევნები მომავალშიც იქნება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, "მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია".

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.

„ნამდვილად, ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.