საპროტესტო აქცია პარლამენტთან და უცვლელი მოთხოვნები - დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს წინ გუშინაც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი მარშით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა. კანცელარიასთან მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტი გააპროტესტეს, სადაც ის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, ასევე არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც გუშინ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მისი მხრიდან საეკლესიო კანონიკური ეთიკის "არაერთგზისი დარღვევის გამო მიიღეს. დოროთე ყურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის ციხეში ჩასვან. მის მხარდასაჭერად აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.